1733169705
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ზურაბ ზუბადალაშვილის ხელმძღვანელობით, სასწავლო ვიზიტით პორტუგალიას ეწვია. ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა პორტუგალიის საპოლიციო განათლების სისტემის გაცნობას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პორტუგალიის ეროვნული პოლიციის საგანმანათლებლო დანაყოფი, ლისაბონის პოლიციის ცენტრალური ოფისი, ასევე, საპოლიციო მეცნიერებებისა და შიდა უსაფრთხოების აკადემია და პოლიციის პროფესიული სასწავლებელი მოინახულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები პორტუგალიის პოლიციის სტრუქტურას, განათლების, კარიერული განვითარებისა და უწყვეტი კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნულ სისტემებს გაეცნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, პორტუგალიელი კოლეგები საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.