1765480415
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.











