„სააკაშვილთან არ მიშვებენ, გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია თუ კოვიდამტანი?!“ - შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე არ შეუშვეს. როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილი იმდენად მძიმედ არის, რომ პალატაში რეანიმაციული განყოფილება მოუწყვეს.

მისივე თქმით, დაცვის მხარის უფლება შეზღუდულია, რადგან კლიენტთან შესვლის უფლება არ აქვს, მაშინ როცა დედა ხვდება.

„მოგეხსენებათ კლინიკა „ვივამედში“ კომუნიკაცია ტელეფონებით ხდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონით უთხრეს, რომ არა ვერ შეუშვებთო, მეტი განმარტება არ გაუკეთებიათ. მე ადვოკატი ვარ და ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით და უნდა გადავამოწმო. ეს ყველაფერი არ ვიცი როგორ მოხდა, წარმოუდგენელია ხალხო ამ პირობებში როგორც მასთან შესვლის პირობები იყო, რაიმე დამართოდა, წარმოუდგენელია! ირგვლივ არავის არ დადასტურებია კოვიდინფექცია. მიზანი არის მარტივი, მიხეილ სააკაშვილი იმდენად მძიმედ არის, რომ პალატაში მოუწყვეს რეანიმაციული განყოფილება ოღონდ ამ პალატას ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება არ ჰქვია. პირველ რიგში, როგორც ჩანს თავს იზღვევენ და მეორე, ეს ყველაფერი სასამართლოსთვისაა განკუთვნილი, რომ მერე ადვოკატებმა არ ვთქვათ, თუ მძიმე პაციენტი არ არის, მაშინ რატომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა იტყვიან, რომ თერაპიულ განყოფილებაში არის და არა რეანიმაციულში. არავითარი სასუნთქი აპარატი არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის პალატაში. იმიტომ არ მიშვებენ, რომ მე ეს ყველაფერი არ ვნახო. მე სხვა ახსნა არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ადვოკატი ვარ და კითხვებს ვსვამ და პასუხები მინდა. თუ გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია, თუ კოვიდამტანია?! რით განსხვავდება?! კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და მათ ვნახულობდი, აღჭურვილობის მეშვეობით. ვგეგმავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სინჯები აუღონ და ჩვენ გადმოგვცენ, მერე ჩვენ წავიღებთ და გამოვიკვლევთ”, - აღნიშნა ადვოკატმა.