როგორია ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დაჭრა ვაკეში

საგამოძიებო მოქმედებები ვაკეში, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სადაც სროლის შედეგად 26 წლის გუგა ფირცხალავა დაიჭრა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის და მუცლის არეში აქვს მიყენებული. გუგა ფირცხალავა ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მოსაშვილის 11 ნომერში არსებულ ერთ-ერთ კაფეში, ახალგაზრდა მამაკაცმა დამიზნებით ისროლა, თუმცა "კურიერის"  ინფორმაციით, სამიზნე სხვა პიროვნებაში შეეშალა.  სროლა "სტრადას" ვერანდაზე მოხდა, სადაც ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმყოფებოდნენ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.