"ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა..." - ბათუმში, 2 ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ლენტა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გუშინ, 17 მარტს, ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბათუმელები" წერს, ერთი ავარია კლინიკა "მედინასთან" მოხდა, მეორე კი ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან.

40 წლამდე ქალს კლინიკასთან მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა," - აცხადებენ კლინიკაში.
მეორე პირი კი, რომელიც ზებრაზე გადადიოდა, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავარიის შედეგად ღამით დაიღუპა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).