პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარმოადგენდნენ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. აღნიშნული კომპანია სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს. ბრალდებულები არ ახდენდნენ შემოსავლების სწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, განზრახ თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 670 000 ლარზე მეტი გადასახადის გადახდას, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ბრალდებულებს ბრალდება, ერთ-ერთს დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ, რომელიც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ძებნა გამოცხადდება“, - ნათქვამია განცხადებაში.