გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინში არიან

გიგა ავალიანი

 სასამართლო დღეს იმსჯელებს ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებული ორი მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე სამართალდამცველებმა ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 27 მაისს დააკავეს. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დადგინდა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვებმა მათთვის მიუღებელ ადამიანთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, ჯგუფურ მოქმედებას გაუწიეს ორგანიზება. შერჩეულ მსხვერპლს ისინი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით გოგონების სახელით სწერდნენ და შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი ჯგუფურად ძალადობდნენ, რასაც კამერით იღებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.

2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს დიდ დიღომში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. იმავე წლის ივლისში გაბაშვილი, რიკაძე, სულაბერიძე და კასრაძე, სხვებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე ტელეფონით გადაიღეს.

გამოძიება გრძელდება ახლად გამოვლენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.