გერმანელ დამსაქმებელს 18 ქართველისთვის 36 742 ევროს გადახდა მოუწევს

marckvi

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) აცხადებს, რომ 2021 წელს გერმანიაში საქართველოდან წასულმა მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს და კომპენსაციას მიიღებენ. საუბარია სულ 18 ქართველზე, რომლებმაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პირობით, გასული წლის გაზაფხულზე დატოვეს ქვეყანა.

"პრაიმტიმი" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ 18 ქართველი დასაქმებულის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც გერმანელი დამსაქმებლები გადაიხდიან ევროს შეადგენს 36 742 ევროს. აქედან 2 256 ევრო საპროცესო ხარჯებს შეადგენს.  34 486 ევრო 18 დასაქმებულ ქართველზე გადანაწილდება. 

„დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს.

შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულებდნენ სამუშაოს.

დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1 018 ევროს ოდენობით, ხოლო 1 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის – 909 ევროს ოდენობით.

ამ თანხას გამოაკლდება ფულის ის ნაწილი, რომელიც გერმანელმა დამსაქმებელმა საქართველოდან ჩასულ მუშახელს გადაუხადა.

„პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში წერს, რომ ზოგადი წესებით არ დაუშვებს სააპელაციო საჩივარს, რადგან აპელაციის საფუძვლები ცხადი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ აპელაციაშიც დიდი ალბათობით ვერ მოიგებს საქმეს… ჩვენი გათვლებით, ორიდან ხუთ თვეში შევა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და ეს ხალხი აიღებს თანხას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას პროფკავშირების იურისტი თამილა გაბაიძე.

ამ 18 ქართველიდან, 11 საქართველოს სასამართლოებში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი ითხოვენ მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მათ ამ საქმეში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ეხმარება.