აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას დასაქმების პროგრამაზე, რითაც ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მშენებელ კომპანიებს წარედგინება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის პაკეტი, აპრილიდან კი ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას დასაქმების პროგრამაზე, რითიც ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ არსებული კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში.

„ჩემი დავალების მიხედვით, ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გაამზადა პაკეტი, რომელიც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება მშენებელ კომპანიებს. საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ ამ გამოწვევების, კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში. ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელზეც აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ. გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.