„ერთი საათი 100 ლარი, ფასის თემაზე დაელაპარაკე გოგოსო...“ - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს

შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 21 პირი დააკავეს, ხოლო 11 ობიექტი დალუქეს, -  განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსიმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.

 

✕