2025 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 218 პირის მიმართ დაიწყო - საქსტატი

შსს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 218 პირის მიმართ დაიწყო . აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 150 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.8 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 827 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 317, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 11 შემთხვევა.

2025 წლის მარტში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 412 შემთხვევა; მუქარა – 236 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 204 შემთხვევა; ძალადობა – 178 შემთხვევა; გაუპატიურება – სამი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – შვიდი შემთხვევა; თაღლითობა – 59 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 488 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ექვსი შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 96 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ექვსი შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.