,,3 საათზე დამირეკა მამამ და მითხრა... 6-ის 10 წუთზე გადავარდნილები იყვნენ უკვე ხევში“ - შატილის ტრაგედიისას დაღუპული კაცის შვილი

შალვა ბოლოთაშვილი

შატილის ტრაგედიის საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

„პრაიმტაიმი“ ტრაგედიის დღეს დაღუპული დავით სისაურის შვილს, თეა სისაურს ესაუბრა, რომელმაც მომხდარი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„22 აგვისტოს მამაჩემმა პირად ანგარიშზე ჩაურიცხა თანხა, კომპანია, რომ აბრალებს ბოლოთაშვილი ყველაფერს ეგრე არ არის. ქვითარიც შენახული მაქვს. შალვა დაუკავშირდა მამაჩემს 22 აგვისტოს საღამოს 8 საათზე და უთხრა, რომ მანქანა იშოვა და მიდიან.

მანქანა იყო უვარგისი, ვინც გააცილა მგზავრები ყველამ ნახო, რომ ძალიან ძველი იყო. მამაჩემს ველაპარაკე სადღაც 11 საათზე, მითხრა, რომ ძალიან კარგი მძღოლი იყო და უკვე მიიყვანა დანიშნულების ადგილზე, შატილში.

შატილში, რომ იყვნენ სადღაც, 3 საათზე დამირეკა მამამ და მითხრა უკან ვბრუნდებითო. გამიკვირდა, ასე ადრე რომ მოდიოდნენ. 6-ის ათ წუთზე მანქანა უკვე გადავარდნილი იყო ხევში.

მომხდარის შესახებ ჩვენ ვიგებთ ტელევიზიის მეშვეობით, მამაჩემთან ერთად წასული იყო 6 თანამშრომელი, ყველას ვურეკავდით, მაგრამ გათიშული იყო მათი ტელეფონები.

რადგან, ვერავისთან გავედით ხაზზე, საღამოს 8 საათიდან დავიწყეთ ძებნა. მამაჩემის სამსახურში ფურცელზე ეწერა შალვა ბოლოთაშვილის კომპანიის ნომერი და დავურეკე. კომპანიაში მანქანის ნომერიც არ იცოდნენ, რომელიც შატილში ტურზე გაუშვეს.

რომ გავიგეთ ჩვენები იყვნენ, პროზექტურაში საშინელება ხდებოდა. არც შალვა ბოლოთაშვილის და არც კომპანიის სხვა თანამშრომელი არ მოსულა, უბრალოდ წუხილი მაინც რომ გამოეთქვა. ერთადერთი გიდის ძმა მოვიდა, ისიც იმიტომ, რომ თავის ძმას ეძებდა.

ავტომობილი იყო გაუმართავი, ეს დაადასტურა ექსპერტიზამაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ მანქანა იყო გაუმართავი, არ უმუშავებდა სამუხრუჭე სისტემა. ხელის მუხრუჭი არ ჰქონდა მანქანას, ამიტომაც ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება.

20 კაცი ჩასვა ასეთ ავტომობილში, სადაც 16-ზე მეტი არ უნდა ჩაესვა და გაუშვა სასიკვდილოდ. მომხდარს ხანს მძღოლს, ხან გიდს, ხან კომპანიას აბრალებს, მაშინ როდესაც ტურში მონაწილე ხალხმა თანხა არა კომპანიას, არამედ შალვა ბოლოთაშვილს პირად ანგარიშზე დაურიცხა...

ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ ვიყავი შატილში. სადაც, ვესაუბრე მეთაფლეს, რომელმაც თვითმხილველია უბედური შემთხვევის.

მასთან თაფლი იყიდეს, გზა გააგრძელეს და სადღაც 300 მეტრში ბოლო გაუშვა მანქანამ. შემდეგ კი იყო ხევში გადავარდნის ხმა.

ზღაპრებს, რომ ჰყვება ბოლოთაშვილი, მძღოლს ჩაეძინაო, არ შეესაბამება სიმართლეს. მანქანა იყო გაუმართავი, მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე ფიზიკურად ვერ დაიმორჩილა საჭე“, - ამბობს თეა სისაური.

შეგახსენებთ, რომ შატილში დატრიალებული ტრაგედიიდან 3 წელი სრულდება.

2020 წლის 23 აგვისტოს, თბილისის დროით 17 საათზე სოფელ ბისოს მიმდებარედ, შატილიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომანქანა 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი სამი კი მძიმედ დაშავდა.

შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე დააკავეს ტურისტული კომპანიის, “თრეველ ჯის” დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი. ასევე დაკავებულია ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის მფლობელი გ.გ.