1752091368
„13 000 აშშ დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარა...“ - პოლიციამ თბილისში, ბინის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ. „ატმეჩკა“ და სხვადასხვა ხელსაწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.