ნინო ლაცაბიძე: ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს და მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ

რუსთავი

რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. კოსტავას გამზირიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო, რომელშიც რუსთავში მოქმედმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების ბავშვებმა, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა და მშობლებმა, ორკესტრთან და ანიმაციური ფილმების გმირებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

„ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს და მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ. დღეს ჩვენი ქალაქი, მათთვის განსაკუთრებით ფერადია და ძალიან ბევრი ღონისძიება იმართება. შევეცადეთ, რომ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი დღე გვეჩუქებინა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თავისუფლების მოედანზე, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ვორქშოპები, მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება. სადღესასწაულო სცენაზე კი ადგილობრივი ვოკალური, ქორეოგრაფიული ჯგუფებისა და სტუდიების ბავშვების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. რუსთავში 1 ივნისის ღონისძიებები რანინელების კონცერტით დასრულდება. რუსთაველი ბავშვებისთვის ლილიანა ჩაჩანიძე, ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი, გეგა შონია, სანდრო აბესაძე, გიორგი შაშვიაშვილი და დათუნა კერესელიძე იმღერებენ.