1775289655
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „მართე შენი ქალაქის“, მორიგი ეტაპი დასრულდა. სტუდენტური პროგრამა „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და მასში უკვე 400-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
პროგრამის მეთერთმეტე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ სტაჟირების პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, ქალაქის მერიის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ პროგრამებზე და პროექტებზეც ისაუბრა.
„რუსთავის გუნდმა, რეფორმების ფარგლებში შევიმუშავეთ ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელსაც რამდენიმე წელია, რაც წარმატებით ვახორციელებთ. იმ პროექტებიდან, რომლებიც სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნა, ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა - „მართე შენი ქალაქი“. 2021 წელს დავიწყეთ ეს პროექტი და ვხედავთ, რომ რუსთაველი სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. რუსთავის გუნდი კვლავ ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთაველ სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და ნინო ლაცაბიძემ, მათთვის საინტერესო თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მერიის სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს სპეციალური სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში, დღემდე „მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 70-მდე ახალგაზრდა დასაქმდა. პროგრამა „მართე შენი ქალაქის“ მთავარი მიზანი, რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობაა. რუსთაველი სტუდენტები დასაქმებულნი არიან საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატის ბიუროშიც. ცოტა ხნის წინ, კი ანალოგიური პროექტის განხორციელება, ქალაქის საკრებულომაც დაიწყო. რუსთავის საკრებულოს პროგრამაში-,,წაემოადგინე შენი ქალაქი" მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია, უკვე დაწყებულია.












