ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს გადაეცა

მყარი ნარჩენები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს გადასცა ნარჩენების შესაგროვებელი 20 კუბური მეტრის მოცულობის სპეციალური მანქანა და 559 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი.

მუნიციპალიტეტებს, ასევე, გადაეცათ მეეზოვეების ორი სეზონის (ზაფხულისა და ზამთრის) სპეციალური უნიფორმები.

ახალი აღჭურვილობის გადაცემის პროცესს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი ესწრებოდნენ.

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს "მყარინარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, ჯამში ეტაპობრივად გადაეცემათ სხვადასხვა ზომის 5397 კონტეინერი, 223 უნიფორმა, ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომის 24 ერთეული სპეციალური და პიკაპის ტიპის 10 სატვირთო მანქანა.

ამასთანავე, ქაღალდის/მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის ფარგლებში,დაგეგმილია ქალაქ თელავის აღჭურვა კონტეინერებით და სეპარირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკით.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები