ამინდი ისევ გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1783934968
„ხმაური სიხარულისთვის" რუსთავში - ,,ოქსიგენმა" ახალგაზრდა ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
„ოქსიგენი“, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა, ემოციური დასასრული ჰქონდა. ფესტივალის შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდის თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
თორნიკე სიუკაევი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინდობით ოჯახში გაიზარდა. ზრუნვის სისტემის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, შეიძინა პროფესია და შექმნა ოჯახი. სიუკაევების ოჯახი დღემდე ქირით ცხოვობდა.
„ოქსიგენი“ დასრულდა, გვიხარია, რომ ამ ორი დღის განმავლობაში უამრავი მსმენელი მოვიდა. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა ვამჯობინეთ, რომ წელს მხოლოდ ორ დღიანი ყოფილიყო „ოქსიგენი“ და აი ამ ოქროს ბიჭისთვის ბინა გადაგვეცა საჩუქრად. ,,ხმაური სიხარულისთვის“ იყო სწორედ ეს და მადლობა მთელ რუსთავს, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ამბავში“, - განაცხადა ,,ოქსიგენის“ დამფუძნებელმა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ლაშა ნოზაძემ.
რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილმა სივრცემ, ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ათას რუსთაველსა და ფესტივალის სტუმარს უმასპინძლა.
„ოქსიგენი“ სლოგანით - „ხმაური სიხარულისთვის“ 11 ივლისს რუსთავის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიებით გაიხსნა. პირველ საფესტივალო დღეს სცენა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს დაეთმო. მეორე დღეს კი მსმენელის წინაშე ჯგუფები - „რეგიონი", „შერეკილები", „ჯეობიტ-ფროდაქშენი და მეგობრები“, „პაპანუსი" და „ალუზია" წარდგნენ.
მუსიკალური ფესტივალის დახურვას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
„ოქსიგენ ფესტი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანაორგანიზატორები რუსთავის მერია და „ოქსიგენის“ შემოქმედებითი ჯგუფია, მთავარი სპონსორი კი „აზოტი ინდორამა“.