ტაილანდელი ინფლუენსერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1785329385
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გრანდიოზული ქართული გალა „გონიოს ჰანგები” გაიმართა.
საფუძველი ჩაეყარა ახალ, მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიის გაცოცხლება, მისი პოპულარიზაცია და კულტურული დიალოგის ხელშეწყობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის, ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და მოწვეული სტუმრები.
ფესტივალი გახსნა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. მან მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ფესტივალის შექმნის იდეის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „გონიოს ჰანგები“ გახდება კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა.
“დღეს , საფუძველი ეყრება კიდევ ერთ ახალ საერთაშორისო ფესტივალს , რომელიც მდიდარი ისტორიით სავსე მიწაზე უნდა დამკვიდრდეს!
მადლიერება მინდა გამოვხატო ბატონი ზურაბ პატარაძის მიმართ, რომელმაც დაუჭირა მხარი ახალი ფესტივალის , ,,გონიოს ჰანგების” დაბადებას! მადლობა ყველა ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ განსაკუთრებული დღის შექმნაში.
მჯერა, ფესტივალი მალე დაიმკვიდრებს გამორჩეულ ადგილს მსოფლიო კულტურულ რუკაზე და სწორედ ,,გონიოს ჰანგები”გახდება კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა და ხელოვანთა შთაგონების ოაზისი, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და აღნიშნა, რომ „გონიოს ჰანგები“ მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივაა, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობასა და მუსიკას აერთიანებს, ხელს უწყობს შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას, კულტურული ტურიზმის და კულტურული დიპლომატიის გაძლიერებას; მისივე თქმით, ფესტივალს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთ სტუმარს უმასპინძლოს.
„ჩვენი მიზანია, გონიო-აფსაროსის ციხეს შევძინოთ ახალი ფუნქციური დატვირთვა და ის კიდევ ერთი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონის აქტიურ, თანამედროვე კულტურულ ცენტრად“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
გალა კონცერტში მონაწილეობდნენ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა - ქორმაისტერი რუსუდან ბერიძე, ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ - ქორმაისტერი გელა ვადაჭკორია, ასევე ადგილობრივი და მოწვეული ქართველი ვარსკვლავები: არჩილ გოგიტიძე, ოთარ ნაკაშიძე, ჭაბუკა სურმანიძე, დავით გველესიანი, ჯორჯ გურენი, ლელა სიხარულიძე, თეა გელოვანი, ქეთევან ქემოკლიძე, მარიანა ბერიძე, ბერდია ონიანი. საღამოს უძღვებოდა ტელეწამყვანი და ჟურნალისტი - ბერდია კუტუბიძე.
აჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები, შესრულდა გამორჩეული არიები ცნობილი ქართული ოპერებიდან. წარმოდგენილმა ქართულმა მუსიკალურმა პროგრამამ და მუსიკოსების შესრულებამ დამსწრე საზოგადოებაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
პროექტი ,,გონიოს ჰანგები” განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით.