დღეს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ჯგუფს სხვა მიზანი ამოძრავებს და მათ ინტერესში საერთოდ არ შედის წარმოების განახლება - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი"

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ჭიათურაში. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები ქვებით მიაყენეს.

ექიმების ინფორმაციით, კობერიძეს დაუდგინდა ყბა - სახის მოტეხილობა. დაშავებული გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე, საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელთა ნაწილსაც კომპანიის ინფორმაციით სოლიდური კომპენსაციები უკვე აღებული აქვთ, არ აძლევენ მაღაროების სამუშაოების ჯგუფს ობიექტზე შესვლის საშუალებას.

განცხადება გაავრცელა "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ".

"დღეს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ჯგუფს სხვა მიზანი ამოძრავებს და მათ ინტერესში საერთოდ არ შედის წარმოების განახლება. დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, ისიც რომ აქციების ორგანიზატორებს სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ჩაშლა სურთ, რასაც ადასტურებს მათი ყოველდღიური მუქარა და შანტაჟი, როგორც კომპანიის მენეჯმენტის, ასევე რიგითი თანამშრომლების მიმართ", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.