1787408559
როგორი წნევა ითვლება ნორმალურად სხვადასხვა ასაკში და როგორ გავზომოთ ის სწორად - კარდიოლოგის განმარტება
არტერიული წნევის სახლის პირობებში კონტროლი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია. მიღებული მაჩვენებლების სწორად შეფასებისთვის აუცილებელია კონკრეტული ასაკისთვის დასაშვები ნორმების ცოდნა. ეს იძლევა იმ სიტუაციების გამოვლენის საშუალებას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ან ექიმის დაუყოვნებელ კონსულტაციას საჭიროებს. ამის შესახებ Medonet.pl წერს.
როგორც გამოცემაშია აღნიშნული, ზრდასრულებისთვის არტერიული წნევის სამ დონეს გამოყოფენ. ეს კლასიფიკაციები ეხება გაზომვებს, რომლებიც ტარდება ექიმის კაბინეტში. იმავდროულად, იმ სიტუაციაში, როდესაც პაციენტები წნევას დამოუკიდებლად, სახლში ზომავენ, სხვა კრიტერიუმები გამოიყენება.
ზრდასრულებისთვის ექიმის კაბინეტში წნევის გაზომვისას გამოყოფენ სამ ძირითად კატეგორიას:
წნევა მომატების გარეშე: <120/70 მმ;
მომატებული წნევა: 120–139/70–89 მმ;
არტერიული ჰიპერტენზია: ≥140/90 მმ;
ამავდროულად, სახლის პირობებში გაზომვისას ოდნავ განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება:
ნორმალური არტერიული წნევა: <120/70 მმ;
მომატებული სისხლის წნევა: 120–134/70–84 მმ;
ჰიპერტენზია: ≥135/85 მმ;
ნორმა ასაკზეა დამოკიდებული.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ მაჩვენებლები, რომლებიც ნორმალურად ითვლება, ჰიპერტენზიის მქონე ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული. ამჟამად 69 წლამდე ასაკის იმ პირებისთვის, რომლებიც არტერიულ ჰიპერტენზიაზე მკურნალობას გადიან, სამიზნე სიტოლიკურ (ზედა) წნევად მიიჩნევა 120-დან 129 მმ.-მდე, ხოლო დიასტოლიკურ (ქვედა) წნევად — 80 მმ.-ზე დაბალი.
70 წლიდან ასაკის ადამიანებში სისტოლიკური წნევა უნდა შეადგენდეს 130–139 მმ.-ს, ანუ იყოს 140-ზე დაბალი, ხოლო დიასტოლიკური წნევა — 80 მმ-ზე დაბალი.
პოლონეთის ჰიპერტენზიის საზოგადოების რეკომენდაციების თანახმად, ყველა იმ პირისთვის, ვისაც დიაგნოსტირებული ჰიპერტენზია არ აქვს, ასაკის მიუხედავად, სამიზნე მაჩვენებლები 130/80 მმ-ზე დაბალი უნდა იყოს. ამავდროულად, 80 წელზე უფროსი პაციენტებისთვის რეკომენდებულია, რომ წნევა არ აღემატებოდეს 140/90 მმ.-ს.
როგორ გავზომოთ წნევა სწორად?
გაზომვის სანდო შედეგის მისაღებად აუცილებელია არა მხოლოდ მოქმედი ნორმების დაცვა, არამედ უშუალოდ გაზომვის სწორად ჩატარებაც. პროფესორი პიოტრ იანკოვსკი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და კარდიოლოგი, გვირჩევს წნევა გავზომოთ ჯდომისას, სულ მცირე, ხუთწუთიანი დასვენების შემდეგ.
ხელი, რომელზეც გაზომვა ტარდება, მყარად უნდა იყოს დაფიქსირებული, მაგალითად, მაგიდაზე ან სავარძლის სახელურზე. რეკომენდებულია წნევის გაზომვა არანაკლებ ორჯერ, მომდევნო გაზომვებს შორის ორ-სამწუთიანი შესვენებით.
შედეგები შესაძლოა არასანდო იყოს, თუ გაზომვა ტარდება სტრესულ სიტუაციაში ან ძლიერი ტკივილის დროს.
მათ, ვისაც ჰიპერტონიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, სპეციალისტები უწევენ რეკომენდაციას, დამატებით რეგულარულად გაიზომონ წნევა სახლშიც და არ დაეყრდნონ მხოლოდ ექიმთან მიღებისას მიღებულ შედეგებს.











