რა მიიჩნევა პირად მიმოწერად და როდისაა დანაშაული მისი გასაჯაროება - ადვოკატის განმარტებები

sms შეტყობინება

პირადი მიმოწერის გასაჯაროება, მათ შორის დახურულ ჯგუფურ ჩატში გაზიარებული შეტყობინებების გავრცელება, შესაძლოა დანაშაული იყოს. რა შემთხვევაში ითვალისწინებს კანონი გამონაკლისს? - ამ საკითხზე ადვოკატმა, ადვოკატთა ასოციაციის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ზაზა დათუკიშვილმა გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, პირად მიმოწერად მიიჩნევა ორ ან მეტ ადამიანს შორის განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ეს შეიძლება იყოს მესენჯერის, Telegram-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და სხვა აპლიკაციების საშუალებით გაგზავნილი ტექსტური, ხმოვანი თუ ვიდეოშეტყობინებები, ელექტრონული ფოსტა ან ტრადიციული წერილობითი მიმოწერა.

დათუკიშვილის თქმით, მიმოწერის მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, პირად კომუნიკაციად მიიჩნევა დახურული ჯგუფური ჩატიც, მათ შორის სამსახურებრივი მიმოწერა, რომელშიც შესაძლოა 20 ან 30 ადამიანი მონაწილეობდეს.

ადვოკატის განმარტებით, ერთ-ერთი მონაწილის მიერ ასეთი მიმოწერის სხვა პირების თანხმობის გარეშე გასაჯაროება და გავრცელება დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს.

როდის არის პირადი მიმოწერის გავრცელება გამონაკლისის სახით დასაშვები?

ზაზა დათუკიშვილის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევას ეხება, როდესაც პირი მიმოწერას სამართალდამცავ ორგანოს წარუდგენს მოსალოდნელი ან უკვე მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.

მისივე თქმით, ეს გამონაკლისი შეიძლება გავრცელდეს ისეთ მიმოწერაზეც, რომელშიც თავად ინფორმაციის მიმწოდებელი არ მონაწილეობდა და რომლის გასაჯაროებაზეც თანხმობა არ ჰქონია.

ადვოკატი განმარტავს, რომ სხვა შემთხვევებში პირადი მიმოწერის უნებართვო გავრცელება კანონდარღვევაა.

 

✕