5400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1790590566
ძილის დამბლა ძილსა და სიფხიზლეს შორის გადასვლის მომენტში ვითარდება - ადამიანი უკვე აცნობიერებს, რა ხდება, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მოძრაობა არ შეუძლია. ამ მდგომარეობის მექანიზმზე, შესაძლო მიზეზებსა და მასთან გამკლავების გზებზე ნევროლოგი საუბრობს.
ექიმის განმარტებით, „ძილის პარალიჩი“ უფრო სასაუბრო სახელწოდებაა იმ მდგომარეობისთვის, რომელიც, მისი აღწერით, ეპილეფსიურ სტიგმებთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი ძილიდან სიფხიზლეში გადადის ან პირიქით, შესაძლოა თავის ტვინის ქერქი და ქერქქვეშა სტრუქტურები სრულად და ერთდროულად არ გაითიშოს. შედეგად იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი ჯერ კიდევ სიზმრის მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა კიდურების მოძრაობა არ შეუძლია.
ამ დროს ცნობიერება უკვე ნაწილობრივ ჩართულია, მაგრამ მოძრაობის კონტროლი ჯერ კიდევ შეზღუდულია. სწორედ ამიტომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მკაფიო შეგრძნება, რომ ფხიზელია, ყველაფერს აცნობიერებს, მაგრამ სხეულის ამოძრავება არ შეუძლია.
რატომ შეიძლება განვითარდეს ძილის დამბლა
სპეციალისტის თქმით, სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა იწვევს ასეთ ეპიზოდებს.
ქალას შიდა ჰიპერტენზია;
ინტოქსიკაციის სინდრომი;
სინაფსური გადაცემის თანდაყოლილი დარღვევები;
ტრავმების შემდეგ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ცვლილებები.
ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ძილის პარალიჩის დამოუკიდებლად შეწყვეტის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. მისი თქმით, მდგომარეობაზე ზემოქმედების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ღრმაა ეპიზოდი.
შესაძლებელია თუ არა დამბლის თვითნებურად შეწყვეტა?
ექიმის განცხადებით, თუ მდგომარეობა საკმარისად ღრმაა, ადამიანს, როგორც წესი, მისი დამოუკიდებლად შეწყვეტა არ შეუძლია.
ექიმი აღწერს შემთხვევებს, როდესაც ეპიზოდი შედარებით ზედაპირულია და ადამიანს გარკვეულ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე კონტროლი ჯერ კიდევ აქვს. მისი თქმით, ასეთ დროს სუნთქვის შეკავებამ შესაძლოა ორგანიზმში ნახშირორჟანგის დაგროვება გამოიწვიოს, რასაც ის თავის ტვინის ქერქის ელექტრული აქტივობის ერთგვარ „ფიზიოლოგიურ კორექტორად“ მიიჩნევს.
„ძილის პარალიჩის დამოუკიდებლად შეწყვეტა პაციენტს, როგორც წესი, არ შეუძლია, თუ მდგომარეობა საკმარისად ღრმაა. თუ სიღრმე ზედაპირულია და არსებობს გარკვეული ფუნქციების კონტროლის შესაძლებლობა, მაგალითად, სუნთქვის შეკავება და მისი მინიმუმ 30–40 წამის განმავლობაში შეჩერება, ამ დროს ნახშირორჟანგი გროვდება. ის თავის ტვინის ქერქის ჭარბი ელექტრული იმპულსაციის ფიზიოლოგიური კორექტორია. ხდება ქერქის ერთგვარი განტვირთვა, გადატვირთვა და პაციენტი სიფხიზლის მდგომარეობაში გადადის“, — განაცხადა ნევროლოგმა.
თითის ან თვალის მოძრაობაც შეიძლება დაგვეხმაროს?
ექიმის თქმით, ზედაპირული ეპიზოდის დროს ადამიანს შეუძლია სცადოს ფეხის თითის მოხრა ან თვალის კუნთების ამოქმედება. სპეციალისტის განმარტებით, ასეთმა მცდელობამ შესაძლოა მოძრაობასთან დაკავშირებული ფუნქციების გააქტიურებას და მდგომარეობიდან გამოსვლას შეუწყოს ხელი.
თუმცა უფრო ღრმა ძილის დამბლის დროს ასეთი მეთოდების გამოყენება შესაძლოა საერთოდ შეუძლებელი იყოს.
ასეთ შემთხვევაში, ექიმის თქმით, ადამიანს შესაძლოა მხოლოდ ეპიზოდის დასრულების დალოდება მოუწიოს.
„ძილის პარალიზს სიღრმის სხვადასხვა ხარისხი აქვს. ზედაპირული მდგომარეობის დროს შესაძლებელია მოტორული ფუნქციის ჩართვა, თავის ტვინის ქერქის მოქმედების ამოქმედება და ამ „გაჭედილი“ მდგომარეობიდან გამოსვლა. მეორე შემთხვევაა, როდესაც მდგომარეობის შეწყვეტა არ შეგვიძლია და პაციენტი მასში უფრო ხანგრძლივად — ერთი, ორი, ხუთი ან შვიდი წუთის განმავლობაში — იმყოფება. ასეთ შემთხვევაში სიტუაციაზე ზემოქმედება მხოლოდ მოცდით არის შესაძლებელი“, — აღნიშნა ექიმმა.
ამრიგად, სპეციალისტის აღწერით, პირობითად შეიძლება გამოიყოს ორი მიდგომა: მოცდა და გააქტიურება. პირველი უფრო ღრმა მდგომარეობის დროს გამოიყენება, მეორე კი ზედაპირული ეპიზოდისას, როდესაც ადამიანს სხეულის ცალკეულ ფუნქციებზე კონტროლი ჯერ კიდევ აქვს.
რატომ შეიძლება ძილის პარალიზმა პანიკური შეტევა გამოიწვიოს
ნევროლოგმა ყურადღება იმ შიშზეც გაამახვილა, რომელიც ასეთ დროს ადამიანს შეიძლება დაეუფლოს.
თუ ადამიანს მანამდე გამოუმუშავებია ჩვევა, რომ ძილის პარალიზის დროს კიდურების მოძრაობით ცდილობს მდგომარეობიდან გამოსვლას, უფრო ღრმა ეპიზოდის დროს ამის შეუძლებლობამ შესაძლოა ძლიერი შიში გამოიწვიოს.
შედეგად შეიძლება გახშირდეს გულისცემა, მოიმატოს არტერიულმა წნევამ და განვითარდეს პანიკური შეტევის მსგავსი მდგომარეობა.
„ხდება ხოლმე, რომ პაციენტი, რომელმაც ძილის პარალიზის კიდურების მოძრაობით შეწყვეტა ისწავლა, უფრო ღრმა ფაზაში ხვდება, როდესაც ამის გაკეთება აღარ შეუძლია. მაშინ მას ადრენალინის გამოყოფა ეწყება და ვითარდება პანიკური შეტევა, რომელიც პარალიზის მიმდინარეობას კიდევ უფრო ართულებს: იმატებს წნევა, ჩნდება ტაქიკარდია და შიში“, — განაცხადა ნევროლოგმა.
მისი თქმით, თუ ადამიანს წინასწარ ავუხსნით, რომ ასეთ დროს კიდურების ძალით ამოძრავებას აუცილებლობა არ აქვს და შესაძლებელია ყურადღების გადატანა დიაფრაგმისა და სუნთქვის კონტროლზე, მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება უფრო მარტივად და სწრაფად მოხდეს.
სპეციალისტის შეფასებით, ასეთი მიდგომა ასევე ამცირებს პანიკური შეტევის განვითარების შესაძლებლობას.