1774781729
მეცნიერებმა დაასახელეს წვენი, რომელიც ორგანიზმს ცხიმიან საკვებთან გამკლავებაში ეხმარება
მეცნიერებმა შეისწავლეს არონიას ნაყოფის (უფრო ცნობილი, როგორც შავი არონია) წვენის გავლენა ორგანიზმზე და დაადგინეს, რომ ის შეიძლება დაეხმაროს ნივთიერებათა ცვლის სტაბილურობასა და ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით ცხიმიანი კვების დროს. ამის შესახებ გამოცემა Earth წერს.
კვლევისას, რომლის შედეგებიც ჟურნალ Frontiers in Nutrition-ში გამოქვეყნდა, მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, ეხმარება თუ არა ამ კენკრის წვენი ორგანიზმს მაშინ, როცა რაციონში ცხიმის რაოდენობა იზრდება.
ექსპერიმენტში მათ გამოიყენეს სტერილური თაგვები, რომლებსაც ადამიანის მიკრობიომი გადაუნერგეს. დონორები სხეულის მაჩვენებლებით მსგავსები იყვნენ, თუმცა ანთების დონით განსხვავდებოდნენ: ერთს დაბალი ჰქონდა, მეორეს კი მაღალი, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ისე ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. მეცნიერებმა ეს მიკროორგანიზმები თაგვებს გადაუნერგეს და შემდეგ მეორე თაობაც გაზარდეს, რათა დაედასტურებინათ, რომ ადამიანის მიკრობიომი წარმატებით დამკვიდრდა და სტაბილური დარჩა.
თაგვებში ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული ნაწლავის მიკრობული სისტემა, რომლებიც შეესაბამებოდა ადამიან დონორებს. მათ სისხლშიც თავიდანვე განსხვავებული პროფილები დაფიქსირდა, დაბალი და მაღალი ანთების დონით, ჯერ კიდევ ექსპერიმენტის დაწყებამდე.
ექსპერიმენტი 8 კვირა გაგრძელდა. თაგვები სვამდნენ ან არონიას წვენს, ან საკონტროლო სასმელს, რომელსაც იგივე რაოდენობის შაქარი ჰქონდა. პირველი 2 კვირა ისინი იღებდნენ ჩვეულებრივ საკვებს, შემდეგი 6 კვირა კი გადავიდნენ მაღალცხიმიან დიეტაზე, სასმელი უცვლელი დარჩა. ამით ორივე ჯგუფში შაქრის მიღება ერთნაირი იყო.
მეცნიერები აგროვებდნენ განავლის ნიმუშებს ბაქტერიების ცვლილებების დასაკვირვებლად და ასევე იღებდნენ სისხლის ანალიზებს.
არონიას წვენის გავლენა მიკრობიომზე - უკვე პირველ ორ კვირაში არონიას წვენმა გავლენა მოახდინა ნაწლავის მიკროფლორაზე. იმ თაგვებში, რომლებიც მას სვამდნენ, მცირედ გაიზარდა ბაქტერიების მრავალფეროვნება. განსაკუთრებით გაიზარდა Eggerthellaceae ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც მცენარეულ პოლიფენოლებს გარდაქმნიან ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებად.
მაღალცხიმიანმა დიეტამ მიკრობიომის სტრუქტურა შეცვალა, თუმცა არონიას წვენმა ამ ცვლილებების ნაწილი შეამსუბუქა. ის თაგვები, რომლებიც წვენს იღებდნენ, უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ ცხიმიანი კვების უარყოფითი გავლენის მიმართ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი.
ამასთან, მნიშვნელობა ჰქონდა საწყის მიკრობიომს: დაბალი ანთების დონით დონორის მიკრობიომის მქონე თაგვები უფრო გამძლეები იყვნენ, ვიდრე მაღალი ანთების მქონენი.
არონიას წვენმა გაზარდა ფოსფატიდილქოლინების და მსგავსი ლიპიდების დონე — ეს ნივთიერებები უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით ნაწლავის ბარიერისთვის. ძლიერი ბარიერი ამცირებს ბაქტერიული ნაწილაკების სისხლში მოხვედრის და ანთების რისკს.
8 კვირის შემდეგ, არონიას წვენის მქონე თაგვებში ასევე დაფიქსირდა TMAO-ს (ტრიმეთილამინ-N-ოქსიდის) დაბალი დონე, რაც დაკავშირებულია ცხიმების უკეთეს მეტაბოლიზმთან.
კვება, მიკრობები და არონია - დაბალი ანთების მიკრობიომის მქონე თაგვებში არონიას წვენმა გაზარდა ინდოლაკრილის მჟავის დონე, ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებთან და ნაწლავის ბარიერის დაცვასთან.
თუმცა, ასეთი ეფექტი ყველა შემთხვევაში არ ფიქსირდება - ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის მიკროორგანიზმები არსებობს ნაწლავში.










