განსაკუთრებით სახიფათოა მათი ზემოქმედება ორსულებისა და ბავშვებისთვის - სურსათის უვნებლობის ექსპერტის საგანგებო გაფრთხილება

სუნელები

ქართულ სანელებლებში აკრძალული სინთეზური საღებავების აღმოჩენის საკითხი მომხმარებლების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საუბარია სუდანის ჯგუფის საღებავებზე, რომელთა გამოყენებაც სურსათის წარმოებაში დაუშვებელია და რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკა გიგაური გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განმარტავს, რა ნივთიერებებზეა საუბარი, რატომ არის მათი გამოყენება აკრძალული და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მომხმარებლებმა სანელებლების შეძენისას.

„საუბარია სუდან 1-ზე, სუდან 2-ზე, სუდან 3-სა და სუდან 4-ზე. ეს სინთეზური საღებავებია, რომელთა გამოყენებაც სურსათში დაუშვებელია. საქართველოში მოქმედებს საკვებდანამატების შესახებ 585-ე დადგენილება, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომელი საღებავებისა და საკვებდანამატების გამოყენებაა ნებადართული. მათ შორის, რა თქმა უნდა, სუდანის ჯგუფის საღებავები არ არის“,- აცხადებს ეკა გიგაური.

ექსპერტის განმარტებით, ამ ნივთიერებების შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შესაძლოა ადამიანის ორგანიზმზე მავნე, მათ შორის კანცეროგენული ზემოქმედება ჰქონდეთ. საფრთხე მხოლოდ ცალკეული ორგანოების დაზიანებით არ შემოიფარგლება.

„ისინი აზიანებენ არა მხოლოდ შინაგან ორგანოებს, მათ შორის ღვიძლსა და თირკმელებს, არამედ გენომსაც კი ცვლიან. განსაკუთრებით სახიფათოა მათი ზემოქმედება ორსულებისა და ბავშვებისთვის“,- აღნიშნავს ექსპერტი.

 

✕