„ბევრი ჭორი აგორდა...“ - ვინ არის მარიამ შუკაკიძის რჩეული და სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი
1795981406
სამზარეულოს დალაგებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზედაპირების სწორად გაწმენდა, არამედ შესაბამისი საშუალებების გამოყენებაც. კერძოდ, სამზარეულოს ღრუბელთან დაკავშირებულმა ერთმა გავრცელებულმა ჩვევამ შესაძლოა ბაქტერიების გავრცელებას შეუწყოს ხელი და ზოგიერთი ზედაპირიც კი დააზიანოს, - წერს The Spruce.
სრულიად გასაგებია სურვილი, სწრაფად აიღოთ ნიჟარასთან მდებარე ღრუბელი, რათა რამე მოწმინდოთ. თუმცა ეს დიდი შეცდომაა. ამას კი ორი ძირითადი მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, თუნდაც ღრუბელი ერთი შეხედვით სუფთა იყოს, სინამდვილეში მასში შეიძლება ბევრი ბაქტერია იყოს. სამზარეულოს ღრუბლები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი მიკროორგანიზმების გასამრავლებლად, როგორებიცაა სალმონელა და ნაწლავის ჩხირი. საქმე ისაა, რომ ისინი ნოტიო და თბილი რჩება, ხოლო მათში საკვების ნაწილაკები გროვდება. ამიტომ რეკომენდებულია ღრუბლების კვირაში ერთხელ შეცვლა. ერთი ღრუბლის სხვადასხვა ზედაპირისთვის გამოყენებამ შესაძლოა მასში დაგროვილი ბაქტერიების გავრცელება გამოიწვიოს. თუნდაც ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხოთ, ეს სათანადო გასუფთავების გარანტიას არ იძლევა. ჩვეულებრივი წყალი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება ღრუბლის დეზინფიცირებისთვის საკმარისი არ არის.
უფრო ეფექტური გასუფთავებისთვის ის შეიძლება გაათბოთ მიკროტალღურ ღუმელში, გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან ჩაალბოთ თბილი წყლისა და კონცენტრირებული მათეთრებლის ხსნარში. ამისთვის თითო ლიტრ წყალზე საშუალების მეოთხედიდან ნახევარ ჩაის კოვზამდე უნდა დაამატოთ.
ასევე მნიშვნელოვანია ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება, განსაკუთრებით უმი ხორცის დამუშავების შემდეგ დალაგებისას. სხვადასხვა ზედაპირისთვის სხვადასხვა ღრუბელია საჭირო.
მეორე მიზეზი, რის გამოც ერთი ღრუბლის ყველა სამზარეულო სამუშაოსთვის გამოყენება არ ღირს, ის არის, რომ სხვადასხვა სახის ღრუბელს სხვადასხვა დანიშნულება აქვს.
მაგალითად, აბრაზიულ ღრუბელს შეუძლია წაშალოს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე დატანილი წარწერები ან ციფრები. ხოლო მინაკერამიკული ქურის ზედაპირის წმენდისას ხისტმა ჯაგრისმა დროთა განმავლობაში შესაძლოა ნაკაწრები დატოვოს.
ამიტომ მნიშვნელოვანია ღრუბლები ამოცანის შესაბამისად შეარჩიოთ, რამდენიმე განსხვავებული გქონდეთ და რეგულარულად ცვალოთ.