1748446305
ჭექა-ქუხილის დროს შხაპის მიღება არ შეიძლება - აი, რატომ

ზოგადად, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მეხი დაგეცეთ - აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამისი შანსი მილიონიდან ერთია. მეხი ყოველწლიურად ასობით ამერიკელს ეცემა, რომელთა დაახლოებით 90% შემთხვევას ცოცხალი ურჩება. მეხის დაცემის ინციდენტები ძირითადად ზაფხულში, ღია სივრცეში აქტივობისას ხდება.
თუმცა, მეხის დაცემისგან სრულიად უსაფრთხოდ არც გარეთ და, გაგიკვირდებათ, არც სახლში ყოფნისას ვართ. მეხის დაცემისას ელექტრული დენი წამში ყველა მიმართულებით ვრცელდება. მართალია, ამ დროს კარგად აშენებული შენობები, მათ შორის სახლებიც, ხშირად ერთგვარ გალიად იქცევა და საკუთარ მაცხოვრებლებს იცავს, რადგან დენი ელექტროგაყვანილობისა და წყალმომარაგების მილის მეშვეობით მიწაში ეშვება, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჭექა-ქუხილის დროს ამ სისტემებთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ.
სახლის პირობებში მეხის დაცემის შანსი ძალიან მცირეა, თუმცა ელექტროშოკის მიღება მაინც შესაძლებელია წყალთან დაკავშირებულ ისეთი აქტივობების დროს, როგორიც აბაზანის მიღებაა. "თუ მეხი ელექტროგაყვანილობას ან მილს დაეცემა, შესაძლოა, შოკი მიიღოთ," — ამბობს მეტეოროლოგი კრის ვაგასკი, რომელიც აშშ-ს ელვის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში მუშაობს.
თუ დენი წყალსადენს, განსაკუთრებით მეტალის მილებს შეეხო, როგორც მილი, ასევე შიგნით არსებული წყალი ელექტროგამტარებად იქცევიან. ასეთ დროს ადამიანი, რომელიც შხაპს იღებს, შესაძლოა არა მხოლოდ შოკმა დააზიანოს, არამედ სასიკვდილო დენის დარტყმამაც.
ბევრ სახლში პლასტმასის მილებია გამოყენებული, რაც ამ რისკს ამცირებს, თუმცა "წყალი მაინც კარგი გამტარია ელექტრობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროშოკის საფრთხე მუდამ არსებობს," — ამბობს კიტ შერბერნი, მწვავე ამინდის კოორდინატორი ამინდის ეროვნული სამსახურისთვის.
ელვისგან გამოწვეული დაზიანებების სტატისტიკურად აღრიცხვა ხშირად არაზუსტია, რის გამოც ექსპერტებს უჭირთ თქმა, რამდენ ადამიანს მიუღია შოკი აბაზანის მიღებისას. თუმცა შერბერნის თქმით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში ჭექა-ქუხილის დროს აბაზანის მიღებისას გარდაცვალების ფაქტები არ დადასტურებულა.
გარდა აბაზანისა, ექსპერტები ასევე გვაფრთხილებენ, რომ თავი ავარიდოთ წყალტან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებსაც, როგორებიცაა ხელების დაბანა, სარეცხის ან ჭურჭლის გარეცხვა.
მთავარი საფრთხე წვიმა კი არა, ჭექა-ქუხილია, რადგან სწორედ ის მოასწავებს ელვის საშიშროებას. ვაგასკის თქმით, ადამიანებს, რომლებიც შტორმის ცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მანძილზე იმყოფებიან, ჭექის ხმა მაინც ესმით და შესაძლოა, მეხიც დაეცეთ.
"ამიტომაც ვამბობთ ხოლმე — "როცა ქუხს, სახლში შედი", რადგან თუ ქუხილი გესმის, საკმარისად ახლოს ხარ მეხის დასაცემად," — ამბობს ის.