კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
მთლიანი სამთავრობო გუნდის ძალიან დიდი ჩართულობით მიმდინარეობს შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, შედეგიც გვექნება , - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ფასების რეგულირების თემაზე საუბრისას.
მისი თქმით, ის რიცხვები, რაც ფასებთან დაკავშირებით ისმის, საგანგაშოა.
„დღევანდელ დღეს ჩვენ ვხედავთ, რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს თავად პრემიერ-მინისტრის ჩართულობით ამ თემაზე მუშაობა. იცით, რომ გუშინ შეხვდა ქსელების წარმომადგენლებს, დღეს დისტრიბუციასთან იყო შეხვედრა, ხვალ და ზეგაც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული შეხვედრები, მათ შორის მედიკამენტების და საწვავის იმპორტიორებთანაც. ვხედავთ, რომ მთლიანი სამთავრობო გუნდის ძალიან დიდი ჩართულობით მიმდინარეობს შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, შედეგიც გვექნება სახეზე. რა რიცხვებსაც ჩვენ დღევანდელ დღეს ვუსმენთ და ვაჟღერებთ, ცოტა საგანგაშოა, როდესაც პროდუქცია საბაჟოდან მაღაზიის დახლამდე თითქმის, 90%-მდე ძვირდება. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად რაღაც მარჟის მოძებნა შეიძლება, რომლის შესაბამისადაც შეიძლება, რომ ფასმა დაიწიოს. იყო შეხვედრა დისტრიბუტორებთან, რომლებსაც დაახლოებით 46%-იანი მარჟა აქვთ.
არ მინდა, მოვლენებს გავასწრო, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ ძალიან კარგი შედეგი გვექნება. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საზოგადოების ინტერესებზე, რაც ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა. ჩვენ ვსაუბრობთ ასევე ბიზნესის ინტერესის დაცვაზე. პრემიერმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ, რომ ბიზნესის ინტერესიც იყოს დაცული და საზოგადოებისაც, რაც ყველაზე მეტი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მანამდე - 21 იანვარს ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტზე არსებული მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა. კომისია სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.