ზელენსკიმ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს საუკეთესო და ყველაზე ნაყოფიერი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი

 უკრაინაში არსებული ვითარება, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ამერიკელ კოლეგასთან განიხილა. კომუნიკაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ტელეფონით შედგა. მხარეებმა ისაუბრეს ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლის მიღებაც უკრაინის პრეზიდენტს, შტატების მხრიდან სურს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს საუკეთესო და ყველაზე ნაყოფიერი უწოდა. დეტალებზე არ საუბრობს დონალდ ტრამპი.

"მინდა ვისაუბრო შეერთებული შტატების პრეზიდენტთან კომუნიკაციაზე. ეს, ალბათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული საუბარი იყო. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საკითხები და მადლობელი ვარ დახმარების სურვილისთვის. "პატრიოტის" სისტემა სწორედ ბალისტიკური საფრთხეებისგან დაცვის გასაღებია.

ასევე, განვიხილეთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ჩვენი გუნდები უფრო დეტალურად იმუშავებენ მომავალ შეხვედრებზე. დრონებთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის საგრძნობლად გაზრდაზე შევთანხმდით. მიმდინარე კვირას შეთანხმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის. ეს უკრაინას უკვე წელს კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს," - განაცხადა ზელენსკიმ.