ზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?

ზაალ მიქელაძე

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქვეყნის უმთავრესი ფინანსური კანონის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ზაალ მიქელაძის თქმით, აუცილებელია ვიფიქროთ პენსიების ზრდის პრინციპის სამართლიანობაზე. კერძოდ იმაზე, რამდენადაა გამართლებული 70 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 60 ლარით, ხოლო 70 წლამდე პირებისთვის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა. გარდა ამისა, დეპუტატმა ისაუბრა მიზნობრივი ჯგუფებისათვის სოციალური გასაცემლის ოდენობის გაზრდისა და უფასო რეზიდენტურის ხელმისაწვდომობის საკითხზე.

„2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრებია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფარვის ზონაში. თავად სამინისტროს დასახელებაც გვეუბნება, თუ რამდენად დიდი ორგანიზაციაა და თანხაც ნამდვილად სწორად არის გათვლილი. შეიძლება ითქვას, ბიუჯეტის მესამედი მიმართულია ამ კუთხით - 10 მილიარდ-ნახევარი ლარი, საიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი, 7 მილიარდ-ნახევარი, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზეა გათვლილი. კომიტეტზე გაჟღერდა ჩვენი მოქალაქეების წუხილი პენსიებთან დაკავშირებით. მესმის, რომ არასდროს იქნება საკმარისი თანხა ყველაფრის დასაფარად, მაგრამ მთავარი პრინციპი ხომ სამართლიანობაა? რამდენიმე წლის შემდეგ დაგროვებითი პენსია შეეხიდება ჩვენს მოქალაქეებს, რათა მათ ღირსეული სიბერით იცხოვრონ, მაგრამ გარკვეული წლები სახელმწიფოს მოუწევს ამ დიდი ტვირთის საკუთარ თავზე აღება.

ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ ვაქციოთ პენსიების საკითხი სამართლიანად? „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი? თითქოს სამართლიანია 70 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის 2027 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პენსიის ზრდა 60 ლარით, თუმცა უსამართლოა 70 წლამდე პირებისთვის მცირედი თანხით [20 ლარით] პენსიის გაზრდა. ვიმეორებ, თუ კანონი გადასახედია, ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და სამართლიანი ფორმულირება მოვიფიქროთ.

მიზნობრივი ჯგუფებიდან გამოვყოფდი მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალურ გასაცემელს. აქაც გაყოფილია კატეგორიები: ბავშვები, რომლებსაც არ ჰყავთ არც ერთი მშობელი, და ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ ერთი მშობელი. მართალია, 2013 წელს მათზე გასაცემი თანხა გაიზარდა, მაგრამ მას შემდეგ იყო ინფლაცია, გაიზარდა ხარჯები და ა.შ. იქნებ, ამ საკითხსაც გადავხედოთ. მინდა აღვნიშნო, უფასო საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯის შემდეგ, იქნებ უკვე დროა, ვიფიქროთ შემდეგ ეტაპზე - უფასო რეზიდენტურაზე. ეს წელიწადში დაახლოებით 400 რეზიდენტს ეხება და თუ უფასო რეზიდენტურა წაადგება როგორც განათლების, ისე ჯანდაცვის სფეროებს,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ზაალ მიქელაძის კითხვების საპასუხოდ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო მზად არის იმუშაოს კომიტეტის წევრებთან ერთად ყველა საკითხზე, რათა მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინდექსაცია არის სწორი მექანიზმი და პენსიის ზრდა არ უნდა იყოს მიბმული საარჩევნო ციკლზე და ა.შ. მისივე თქმით, შესაძლებელია მსჯელობა თუ რამდენად სწორია ინდექსაცია და რა ასაკობრივ ჯგუფზე შეიძლება გავრცელდეს უფრო მაღალი ინდექსაციის პირობები. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ არ დადგინდეს ისეთი ვალდებულება, რასაც ბიუჯეტი მომავალში ვერ აწევს. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალურ გასაცემელის მიმართულებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამსჯელოა, რა მიმართულებით შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები. რაც შეეხება რეზიდენტურის დაფინანსებას, კაკაურიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არ არის პრობლემური და შესაძლებელია მოგვარება

✕