ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ძალადობა დაუშვებელია - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული აქციის მიზანია დისკუსიის ჩახშობა და ძალადობრივი სცენების დადგმა.

პაპუაშვილმა ქართულ პოლიციას პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

„მიზანია, ჩაახშონ დისკუსია და პროვოკაციაზე წავიდნენ, რათა ძალადობის სცენები დაიდგას და შემდეგ ამით ემოციური ტალღების გამოწვევა სურთ. სწორედ ეს იყო კომიტეტზე მომხდარი ძალადობრივი თავდასხმის ახსნა, მიზანი, შექმნილიყო რაღაც კადრები, რათა ემოციებზე ეთამაშათ. ოპოზიცია „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული სცენარებით მიდის, რაც მათ აქვთ წაკითხული. მე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ თავად ამას ციტირებენ ხოლმე. გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით.

„აქცია მიმდინარეობდა და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მათ არავინ უშლის ხელს, პირიქით, პოლიციელების სურვილი იყო, დაცული ყოფილიყო აქციის მშვიდობიანი ხასიათი, უსაფრთხოება, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა – იყო პიკეტირების მცდელობა. ამასთან დაკავშირებით მათ პოლიციამ უთხრა, არ მომხდარიყო გვერდითა ქუჩების გადაკეტვა, რათა პარლამენტის საქმიანობას საფრთხე არ შემქნოდა. მცდელობა იყო პოლიციაზე მიწოლის, რათა ინციდენტები ყოფილიყო.

მივმართავ მათ, ვინც ასეთ აქციაზე არის ხოლმე, რადგან შემდეგ მათგან გვესმის, მშვიდობიანი აქცია იყო და პოლიციას რატომ მოუწია ძალის გამოყენებაო – ვინც რუსთაველის გამზირზე დგას და მოცილებულია გვერდითა ქუჩას, დააკვირდნენ, გვერდითა ქუჩებზე რა ხდება. წინა ხაზები პოლიციასთან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდნენ, რათა გამოეწვიათ პოლიციის რეაქცია. ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალადობა დაუშვებელია როგორც ინდივიდვალურად, ასევე კოლექტიურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.