1763657118
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ზურაბ ჩხეიძე საკრებულოს დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე აირჩიეს.
თავმჯდომარედ ჩხეიძის არჩევას სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მხოლოდ “ძლიერი საქართველო-ლელოს” წარმომადგენელმა, კობა ფაჩოშვილმა.
ჩხეიძე 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა. შემდგომში კი ლიბერთი ბანკის მმართველად დაინიშნა.
ჩხეიძე საკრებულოში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე "ქართული ოცნების "პროპორციული სიით დაბრუნდა.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ლევან გელაძესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, იმჟამინდელმა თავმჯდომარემ გივი ზაუტაშვილმა თანამდებობა დატოვა.
გივი ზაუტაშვილმა თანამდებობასთან ერთად, დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა.
დაპირისპირება თანამდებობის პირებს შორის, 8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულის შემდეგ მოხდა.
პოლიციამ დაპირისპირებულები დააკავა, ხოლო სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.












