87 წლის ქალს კასტეტით და ბლაგვი საგნებით სცემეს - 6 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობის საქმე | ცნობილია დაკავებულის ვინაობა

მკვლელობა

სასტიკი დანაშაულის ადგილი მცხეთა, სოფელი ერედა - 2019 წლის 23 ივნისს, საკუთარ სახლში 87 წლის ქალს კასტეტით და ბლაგვი საგნებით სცემეს. მაყვალა კაჭკაჭური გონზე მოსვლის გარეშე 10 დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, 6 წლის შემდეგ, მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გახსნეს. დაკავებულია 34 წლის მამაკაცი. "კურიერის" ინფორმაციით, ის მსხვერპლის თანასოფლელი - გურამ ფოცხვერაშვილია. მის კვალზე პოლიცია მას შემდეგ გავიდა, რაც გამოძიების პროცესში ახალი გარემოებები და კონკრეტული მტკიცებულებები გამოჩნდა.

რა მოხდა 6 წლის წინ სოფელ ერადაში - "კურიერთან" დღეს მოკლული ქალის შვილმა გაიხსენა. გელა თეზელაშვილის თქმით, გურამ ფოცხვერაშვილი მის ძმას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ხმაურზე მოხუცი დედა, შვილის დასახმარებლად გარეთ გავიდა. მაყვალა კაჭკაჭური მოძალადის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა თვითონვე გახდა მსხვერპლი - თანასოფლელმა მას ბლაგვი საგნით ჯერ სახის არეში დაარტყა, შემდეგ კი წაქცეულს და გონებადაკარგულს რამდენიმე წამი სცემდა.

97 წლის ქალზე სასტიკ ძალადობას "კურიერის" მიერ მოპოვებული ფოტომასალაც ადასტურებს. ფოტოები საავადმყოფოშია გადაღებული - მოხუცი მართვით სუნთქვაზე იყო, სახეზე კი მრავლობითი დაზიანებები და სისხლჩაქცევები ჰქონდა.

სასტიკი მკვლელობის მოტივიც ცნობილია. თანასოფლელებს შორის უთანხმოებაზე "კურიერს" მაყვალა კაჭკაჭურის შვილი უყვება. ირკვევა, რომ გურამ ფოცხვერაშვილს სურდა, 87 წლის ქალის ეზო წყლის მილების გასაყვანად გამოეყენებინა, უარმა კი მოძალადე გააღიზიანა.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ გურამ ფოცხვერაშვილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ 87 წლის ქალი და მისი შვილი არ ყოფილან.

ჩაქუჩი კასტეტი, ბლაგვი საგანი - იმავე მეთოდით ნაცემია კახა ჭეიშვილი. მამაკაცი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის - მას თვალი, კეფა და სახის ძვალი ჰქონდა დაზიანებული.

ფიზიკური ანგარიშსწორების არც ერთ ეპიზოდს გურამ ფოცხვერაშვილი არ აღიარებს.

გამოძიება კი ყურადღებას იმ მტკიცებულებებზე ამახვილებს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ადასტურებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულის დეტალები დღეს მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განმარტა.

87 წლის ქალის სასტიკი მკვლელობისთვის გურამ ფოცხვერაშვილს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.