ვნახეთ მათ მიერ დადგმული ერთგვარი შოუ. შუამდგომლობები, რომლებიც მათი მხრიდან იყო დაყენებული, უარგუმენტო და დაუსაბუთებელია. ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს – ირაკლი შატაკიშვილი

ირაკლი შატაკიშილი

ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების განხილვისას.

მისი თქმით, ოპოზიცია შეგნებულად აყენებს დაუსაბუთებელ შეუამდგომლობებს, რომ შემდეგ ილაპარაკოს იმაზე, თითქოს ისინი მოსარჩელე მხარესთან თანაბარ პირობებში არ არიან.

„ჯერ სასამართლო პროცესი არ დამთავრებულა. ორი დღეა მიმდინარეობს და ჯერ კიდევ შუამდგომლობების ეტაპები არ დასრულებულა. თუმცა ჩვენ ამ შუამდგომლობების ეტაპებზე ვნახეთ მათ მიერ დადგმული ერთგვარი შოუ. ამას იურისტობა არც სჭირდება, პირველი კურსის სტუდენტი მიხვდება და დაინახავს იმას, რომ ის შუამდგომლობები, რომლებიც მათი მხრიდან იყო დაყენებული, უარგუმენტო და დაუსაბუთებელია. ჰედლაინებად ვხედავ, ხვალ და ზეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, ჩვენ არ ვართ თანაბარ პირობებში მოსარჩელე მხარესთან, ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ვერ გაიგეს რას ედავებიან, აბსურდია, ვინაიდან სარჩელი სრულად არის დასაბუთებული.

ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, ელიან იმას, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, რის შედეგადაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება ბოროტი ძალებისგან.

„ბოლო პერიოდში ოპოზიციურმა რადიკალურმა ძალებმა დაამკვიდრეს ერთგვარი ოპოზიციური ქცევის სტანდარტი, რომელსაც ტრადიციულ კონსტრუქციულ ოპოზიციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამასთან გაკარება არავის არ უნდა. ეს არ არის დემოკრატიული გაგებით ოპოზიცია. მიზანი, რაც არის ამ სასამართლო პროცესის, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, სარჩელი დაკმაყოფილდება და გაუქმდება პარტიების რეგისტრაცია, ერთგვარად გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი. ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ახლა გაკარება არ უნდათ, მერე წამოვა ახალი იდეები, ახალი იდეოლოგიები და თავიანთი [თავის] რეალიზებას მოახდენენ“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

✕