„ვმუშაობთ, რომ იდეალურთან მიახლოებული იყოს საარჩევნო პროცესი ჩვენ ქვეყანაში" - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

 დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თარჯიმნებს ეხება.

ინიციატივა საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსის მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მინიჭებას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ცვლილება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მათი მიზანია, იდეალურთან მიახლოებული საარჩევნო პროცესი იყოს ქვეყანაში.

"ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო პროცესი ჩვენს ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო არჩევნების დროს, 2024-2025 წლებში, ცესკომ მოახდინა არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება. ეუთო/ოდირის 2024 წლის ანგარიში ამაზე მეტყველებს, სადაც ხაზგასმულია, რამდენად მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული ეს არჩევნები.

არის საკითხები, რომელიც უფრო უნდა დაიხვეწოს. ვმუშაობთ ამ საკითხებზე, იქიდან გამომდინარე, რომ იდეალურთან მიახლოებული იყოს საარჩევნო პროცესი ჩვენ ქვეყანაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა