ვგულშემატკივრობთ ამ ომის დასრულებას, რადგან უკრაინელი ხალხისთვის ამ ომის ყოველი დღე დამატებით ტანჯვას ნიშნავს - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილი შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით საქართველო მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს მიესალმება.

აქვე, პირველი კანონმდებელი იხსენებს 2022 წლის მარტს, როდესაც კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, პროცესი კი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.

"ვგულშემატკივრობთ ამ ომის დასრულებას, რადგან უკრაინელი ხალხისთვის ამ ომის ყოველი დღე დამატებით ტანჯვას ნიშნავს.

პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მშვიდობის დასამყარებლად. სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან ასეთ მიდგომებს ვერ ვხედავთ. ვხედავთ, ამ კონფლიქტის გაგრძელებას როგორ აქეზებენ. შეგახსენებთ, რომ ამ ომის დაწყებიდან ორ თვეში, სტამბოლში, პარაფირებული იყო სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელი და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან. უკრაინის დელეგაციას დავით არახამია ხელმძღვანელობდა და მისი განცხადება იყო, რომ ეს დოკუმენტი უკრაინისთვის მისაღები იყო, მაგრამ კიევში დაბრუნდნენ, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და ეს შეთანხმება ჩაშალა. უკრაინის ხელისუფლებას უთხრა, არანაირი შეთანხმება, ვიომოთო.

ამის შემდეგ, უკრაინა უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, დღეს მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს. სამწუხაროდ, დასავლურმა ქვეყნებმა სხვა ქვეყნის ბედის მიმართ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ომამდეც გამოიჩინეს. ეს ისაა, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს გლობალურ უსაფრთხოებაზე – ევროკავშირი და ნატო. მათ ამ კონფლიქტის შეჩერება ვერ შეძლეს. ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ამას ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.