უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევებზე და არ იცის, რატომ გამოიტანა საქართველოში პოლონეთის საელჩომ მსგავსი დასკვნები.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე. სხვათა შორის, აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს. მათ შორის როდესაც ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულებით იმყოფებოდნენ ქვეყანაში, დაკავებული არიან სხვადასხვა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებით. რაც შეეხება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, არ ვიცი, რატომ ასკვნის პოლონეთის საელჩო. არ ვიცი, რა შემთხვევები იყო, არ ვიცი, ასეთ პირდაპირ კავშირს რატომ ამყარებს, თუმცა, მეორე მხრივ, გასაკვირია საერთოდ ამაზე ხაზგასმა. ასევე გასაკვირია რადიკალების რეაქციები ასეთ საკითხთან დაკავშირებით. ისეთი წარმოდგენები არის ხოლმე, თითქოს, თავისთავადი საკითხია, თითქოს უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ. არ ვიცი, თუ ჰგონიათ, რომ ყივჩაღების გუნდს ჩამოიყვანენ, რომ მათ მიეხმარონ და რაღაცნაირად შეავსონ მათი შეთხელებული რიგები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, მათ შორის ის ფაქტები, რომ უცხოელები იყვნენ ჩართული საქართველოში რადიკალურ პროცესებში. ეს არის გაგრძელება ამ ქვეყნების ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკისა. როდესაც დაინახავს პოლონეთის მოქალაქე, რომ პოლონეთის ელჩი ერევა შიდა საქმეებში, როდესაც დაინახავს ესტონეთის მოქალაქე, რომ ესტონეთის ელჩი ერევა შიდა საქმეებში, მასაც ჰგონია, რომ თავისთავადია, ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და სხვა საზოგადოებას თავს მოახვიო შენი პოლიტიკური მოსაზრებები. ასე არ არის მოწყობილი სამყარო და ამას არ გულისხმობს სუვერენიტეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში პოლონეთის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მიმართა, საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.