"უნდა გავერკვეთ, რა ტიპის კომერციული ურთიერთობები არსებობს ჯაჭვში, რეალურად, როგორ ხდება ფასის ფორმირება" - შოთა ბერეკაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის მორიგ სხდომაზე

ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი

 პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება. დეპუტატები ამჯერად საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ უნდა გაერკვნენ, თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობები არსებობს ჯაჭვში.

"გვექნება შეხვედრა საშუალო და მცირე ზომის საცალო ქსელის ოპერატორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. როგორც მოგეხსენებათ, ისინი არიან ფასწარმოქმნის ჯაჭვში მესამე, დამაგვირგვინებელი რგოლი და სწორედ საზღვრავენ საბოლოო ფასს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი იხდის საკვებ პროდუქტებსა და სწრაფი მოხმარების საგნებზე. ჩვენ უნდა გავერკვეთ, თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობები არსებობს ჯაჭვში, რეალურად, როგორ ხდება ფასის ფორმირება და, საბოლოოდ, რა ტიპის ფასწარმოქმნაა ამ ჯაჭვში," - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.