1692302192
უკრაინის გზა ფინეთის პრეზიდენტმა შეაფასა როგორც ევროპის ბუფერული ზონის გზა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ან ბუფერული ზონა ან ესკალაციის ადგილი - თორნიკე ფაღავა
თბილისში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებებს კიდევ ერთხელ პასუხობენ, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, საქართველოს მდგომარეობის შეფასება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ უნდა ხდებოდეს და ოფიციალური სტატისტიკა, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგები და თავად ევროკომისიის კვლევები საქართველოს შესახებ აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის კანდიდატ სხვა ქვეყნებზე, რომლებსაც ბრიუსელი, თბილისისგან განსხვავებით, აქებს, გაცილებით წინ არის.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა პრინციპული საკითხია და საქართველო არ აპირებს გახდეს ბუფერული ზონა ან რეგიონში ესკალაციის ადგილი.
"უკრაინის გზა ფინეთის პრეზიდენტმა შეაფასა როგორც ევროპის ბუფერული ზონის გზა და რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ან ბუფერული ზონა ან ესკალაციის ადგილი.
რაც შეეხება მოლდოვის გზას, მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთ გზად ესახებათ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობა.
რა თქმა უნდა, ეს გზაც ჩვენთვის მიუღებელია.
ძალიან დიდია კონტრასტი ჩვენსა და მოლდოვას შორის, აბსოლუტურად ყველა ეკონომიკური პარამეტრით. ჩვენ ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული "ევრობარომეტრის" კვლევის შედეგები, სადაც საქართველოს სახელმწიფო არის მოწინავე ძალიან ბევრი მიმართულებით", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.











