უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი, ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს როდესაც ელაპარაკებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე ეს ციფრები უნდა ავაფაროთ.

"ეს არის ყველაფრის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ეს ქმედებებიც არის გამოწვეული იმ გამწარებული მდგომარეობიდან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავი ჩაიყენა. თითქმის ერთი წელია, აშშ-ის ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და მთლიანად უკრაინის ომი არის აკიდებული ევროპის მხრებზე, მათი ფინანსური ტვირთი არის, მათი გადასახდელია ყველაფერი. ყიდულობენ ამერიკულ იარაღს თუ სხვა იარაღს და იღებენ სესხებს, აზიანებენ საკუთარ მოსახლეობას და ჩაიგდეს საკუთარი თავი აი ამ მდგომარეობაში", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩს, მისი თქმით, ეს დამიანი არ იშლის, დადის კაბინეტებში, არ იყიდოთ საწვავი რუსეთიდანო.

"რომ ეკითხებიან, როგორო? თავისუფალი ბიზნესია, სადაც არის იაფი და ხარისხიანი, იქ მიდის ბიზნესი. მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები ხომ? არა, ნუ დააწესებთ, ისე უთხარით ბიზნესსო. ანუ ზეწოლა მოახდინეთ ბიზნესზეო და ნუ დააწესებთო. ანუ, აბსოლუტურად სისულელეებს ლაპარაკობს ეს ადამიანი. ფაქტია, ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს ძაან გულწრფელად წამოცდა, რომ ჩვენ ვზიანდებითო, ჩვენი ეკონომიკა დაზიანდა ამ ყველაფრითო, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთსო და თქვენი ეკონომიკა წინ მიდისო და ეს როგორ გამოდისო", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის შედეგები.

"ნელ-ნელა ამ შედეგის დამალვა უნდა დავიწყოთ, თორემ ყოველ დილით კითხულობენ, საქართველოს ეკონომიკა იზრდებაო, ამას მერე მოყვება კითხვა, როგორ? ევროკავშირის, მშვიდობის პროექტის ელჩმა თქვა, ჩვენთან რუს ტურისტებს არ ვუშვებთო და თქვენ უშვებთო, ამის გამოა, რომ ეკონომიკა იზრდება. ჩვენ ფრენები ჩავკეტეთო, თქვენთან არის და ეკონომიკა იზრდებაო. ჩვენ ვაჭრობას ვზღუდავთო და თქვენ ვაჭრობთო და ეკონომიკა იზრდებაო. მართლა ხომ სამარცხვინოა, ვიზე საუბრობენ საერთოდ, ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპაციის გამოწვევები აქვს, რომელსაც ჯერ კიდევ ათწლეულები აქვს წინ, იმ დონეზე მივიდეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნებია. თავი უნდა დავიზიანოთ იმის გამო, რომ ევროკავშირის ელჩს არ სიამოვნებს, რომ მისი ქვეყნების ეკონომიკური უკუსვლა საკუთარი სისულელის გამო ხება? ახლა უნდათ საქართველო ჩაყვეს ამ უფსკრულს. როგორც ცივილიზაციურ, ასევე ეკონომიკურ უფსკრულისკენ მიაქანებს დღეს ევროკავშირს ბრიუსელი და უნდა, ჩაგვითრიონ ამ უფსკრულშიც ეკონომიკური სტაგნაციის", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.