1761078331
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მივისწრაფით, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთსა და საქართველოს შორის, ამ მიზნით ვმართავთ მაღალი დონის შეხვედრებს

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე თურქმენეთისთვის გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თურქმენეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განსავითარებლად დოკუმენტთა გარკვეული პაკეტია შემუშავებული.
„ძალიან კარგი და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა დღეს. გულწრფელად გიხდით მადლობას იმ სტუმართმოყვარეობისათვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ თურქმენეთის დელეგაციის მიმართ. ქალბატონო მინისტრო, თქვენ ატარებთ შეხვედრებს ღიაობის და გულწრფელობის ატმოსფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ატმოსფეროში ორმხრივი ინტერესების განხილვა, სამომავლო მიმართულებების დასახვა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთსა და საქართველოს შორის. ამ ურთიერთობათა განსავითარებლად ვმართავთ მაღალი დონის შეხვედრებს. მინდა, ხაზი გავუსვა მისი აღმატებულების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო ორ ვიზიტს თურქმენეთში. ეს გახლავთ გარკვეული ასახვა იმისა, თუ რაოდენ დიდი ინტერესი აქვს საქართველოს ჩვენთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ჩვენ ამ წლის მარტში განხორციელებული ვიზიტის შედეგად შევიმუშავეთ გარკვეული პაკეტი დოკუმენტებისა. ისინი ხელმოწერილია და ყველა ემსახურება სწორედ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის განვითარებას“, – აღნიშნა მერედოვმა.
თურქმენეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.
„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის პარლამენტებს შორის ინტერაქციას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა თურქმენეთში და ეს იყო ნიშანსვეტი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობის ეს დონე ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე თურქმენეთისთვის გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ქალბატონო მინისტრო, იმ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მინდა, გავიხსენო გაერო-ს მიერ მიღებული 290-ე რეზოლუცია, რომელიც ეხება მშვიდობისა და უსაფრთხოების, უშიშროების მხარდაჭერასა და განვითარებას. ეს რეზოლუციები საშუალებას მაძლევს, ვიფიქრო, რომ ხელს შეუწყობს გაერო-ს ქვეყნებს შორის განვითარებას.
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია, რათა გავცვალოთ აზრები და ჩვენს სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული ურთიერთობები განვავითაროთ. ამ კონტექსტში დავსახოთ ურთიერთობათა ახალი მიმართულებები როგორც კულტურულ, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო მიმართულებებით. მასმედიის ურთიერთობა და განვითარება ჩვენ ორ ქვეყანას შორის ხელს შეუწყობს მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერებას. მივყვებით იმ დებულებებს, რომლებიც ჩვენს ხელშეკრულებებში არის მოცემული. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოვაწერეთ არაერთ დოკუმენტს ხელი, რომლებიც სწორედ ამ ინტერაქციას უწყობს ხელს. ძვირფასო კოლეგებო, დიდი მადლობა ამ ვიზიტისთვის, იმ საუბრებისთვის, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს შემდგომ განვითარებას ჩვენი მეგობრობისა და ყოველმხრივი ურთიერთობისა“, – განაცხადა რაშიდ მერედოვმა