1783194884
თუ ვინმეს არ მოსწონს კონკრეტული კანონი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პასუხი არასოდეს არის სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, არასწორია მოქმედება კონფრონტაციის, გარე იძულების ან შიდა არეულობის გაღვივების გზით - ლევან მახაშვილი
"57 წევრიდან 34-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას" - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეუთოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მხარი არ დაუჭირა. მისივე განცხადებით, რეზოლუციის პროექტში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დებულებები მყარ მტკიცებულებად არის წარმოჩენილი, მაშინ როდესაც თავად ანგარიში მხოლოდ ბრალდებებზე მიუთითებს და არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს.
"57 წევრიდან 34-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60%-ს შეადგენს, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატებიც.
საქართველომ კეთილგანწყობით ითანამშრომლა ეუთოსთან (OSCE), მაგრამ, ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ დასკვნებს იმ აშკარა მიზეზების გამო, რომლებიც არაერთხელ იქნა ახსნილი ეუთოს სხვადასხვა შესაბამის ფორმატში. წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი შეიცავს უკიდურესად საგანგაშო ტენდენციას, წარმოაჩინოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დებულებები, როგორც მყარი მტკიცებულება – ფაქტისა და მტკიცების ფორმით, მაშინ როდესაც თავად ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია.
მაგალითად, ყველაზე შემაშფოთებელი ფორმულირება გვხვდება მე-20 პარაგრაფში, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობამ, ციტატა: "მიაღწია წამების ზღვარს", მაშინ, როცა თავად ანგარიში არ შეიცავს მსგავს ფორმულირებას. ამავე რეზოლუციის პროექტის 55-ე პარაგრაფიც კი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. ამიტომ, მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციის ან ინფორმაციით მანიპულირების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, ამოიღოთ ეს კონკრეტული წინადადება მე-20 პარაგრაფიდან, რადგან ის გადახვევაა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ტექსტიდან და წარმოადგენს ანგარიშის დასკვნების პოლიტიკურ არასწორ ინტერპრეტაციას.
რაც შეეხება ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლას, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: სამართლებრივი რეგულაციები წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რათა დაიცვას თავისი საარჩევნო პროცესები, პოლიტიკური სისტემა და სოციალურ-ეკონომიკური მთლიანობა უცხოური მავნე ჩარევისგან. მცირე ქვეყანას, რომელსაც აქვს სტრატეგიული მდებარეობა და სამეზობლოს რთული დინამიკა, სრული საფუძველი აქვს დააწესოს სამართლებრივი ბარიერები.
თუ ვინმეს არ მოსწონს კონკრეტული კანონი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პასუხი არასოდეს არის სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, არასწორია მოქმედება კონფრონტაციის, გარე იძულების ან შიდა არეულობის გაღვივების გზით. ამ ყველაფერზე, სწორი პასუხი იქნება დებატები ან კანონის კონკრეტული დებულებების გასაჩივრება მათი სამართლებრივი არგუმენტების ღირებულების საფუძველზე. მათთვის, ვინც არ იცის, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ეს არის სწორი გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ და არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის) ან მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების იარაღად გამოყენება მოკლევადიანი პოლიტიკური სათაურებისთვის, რადგან ეს საბოლოოდ ავნებს და დააზიანებს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციას. ამიტომ, ჩვენ მკაცრად გირჩევთ, თავი შეიკავოთ პოლიტიკური იარლიყების მიკერებისგან და მივცეთ საშუალება სასამართლოებს, განსაჯონ ისინი სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით", - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ლევან მახაშვილი.











