1792612078
თუ გამოვიყენებთ იმ რიტორიკას, რომლითაც საფრანგეთი თუ დასავლეთი ჩვენ მოგვმართავდა, მაშინ ვთქვათ ასე: ეს არის დემოკრატიის შემზღუდავი კანონები" - ირაკლი ქადაგიშვილი საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებაზე
საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებას თბილისში ისევ ეხმიანებიან.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ როდესაც საფრანგეთი იმავე საკანონმდებლო შეზღუდვებს იღებს, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებდა - ეს პარტნიორების მხრიდან მორიგი ორმაგი სტანდარტია.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უცხოური გავლენისა და დეზინფორმაციისგან ქვეყნის დაცვის აუცილებლობა დღეს უკვე ყველა ევროპულ სახელმწიფოს ესმის.
"თუ ჩვენ გამოვიყენებთ იმ რიტორიკას, რა რიტორიკითაც საფრანგეთი თუ დასავლეთი ჩვენ მოგვმართავდა, მაშინ ვთქვათ ასე, რომ ეს არის დემოკრატიის შემზღუდავი კანონები, რომლის მიზნია, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის არ დაუშვან მმართველი ელიტისთვის არასასურველი კანდიდატის გამარჯვება.
ასეთი კანონმდებლობა არა მარტო საფრანგეთმა მიიღო, მათ შორის იტალიამ მკვეთრად გაამკაცრა თავისი კანონმდებლობა. ეს ის პროცესია, რა პროცესიც დაუდგათ და რომელიც საქართველომ უკვე გაიარა", - გააცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სენატმა კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა, დოკუმენტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეცა.











