თუ ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისივე წევრი ქვეყნის კანონმდებლობას, ეს ჩვეულებრივი სკანდალია - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მონიტორინგს აგრძელებს. მოკვლევის საგანი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, გრანტის მიღების სავარაუდო ფაქტია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ თავსდება მათივე თქმით, რადიკალი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის განხორციელება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობასთან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროსაბჭოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, დიპლომატიური და პოლიტიკური სკანდალი იქნება.

მისივე თქმით, გრანტების შესახებ კანონის მიხედვით, პოლიტიკური აქტივობის დაფინანსებას მთავრობის თანხმობა სჭირდება:

"ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის დემოკრატია, ურთიერთპატივისცემა, სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი. თუ ამ ყველაფერს გვერდს უვლის ევროსაბჭო, ეს არის ჩვეულებრივი სკანდალი, მათ შორის დიპლომატიური, პოლიტიკური სკანდალი, თუ ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისივე წევრი ქვეყნის კანონმდებლობას.

შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მოტივითა და ლეგიტიმური მიზნით, ჩვენს ქვეყანაში არსებობს გრანტების შესახებ კანონი და ყველა ვალდებულია, მთავრობის თანხმობის შემდეგ დააფინანსოს სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არმაზ ახვლედიანს ეხება საქმე, იმ ე.წ. პოლიტიკოსს, რომელიც არის რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემიზმის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამას აკეთებს წლების განმავლობაში. ამ ყველაფერს თუ ევროსაბჭო აფინანსებს, ეს კიდევ ერთი სკანდალია", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, საუბარია ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ბახმაროში ატარებს.