კობა კობალაძემ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარ სერჟანტს და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა

კობა კობალაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ჯორჯიის შტატის (აშშ) ეროვნული გვარდიის მთავარ სერჟანტს, კლინტ ქაუზერს, მის თანმხლებ დელეგაციას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კობა კობალაძე სტუმრებს ვრცლად ესაუბრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებისა და განვითარების დინამიკაზე, იმ პროგრამებზე, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოს, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახორციელებს ვეტერანთა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

სამსახურის დირექტორმა, ისაუბრა ვეტერანთა რესოციალიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის განხორციელებულ პროექტებზე; იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს სამსახურის ბენეფიციართა ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით და რომელთა გადალახვაშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია. კობა კობალაძემ ისაუბრა,ასევე, სამსახურის მომავალ გეგმებსა და ამოცანებზე.

სამსახურის დირექტორმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ თანადგომას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მიმართ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე. მან განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ყოფილი და დღევანდელი ხელმძღვანელობა იმ გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული დამოკიდებულებისათვის, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია გრძელდება გამოცდილების გაზიარების, თავდაცვის სტრუქტურების გაძლიერებისა და მხარეთა შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით: ’’ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს გიმასპინძლოთ თქვენ, წარმომადგენლებს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა, რომლის საპატიო წევრიც გახლავართ 2002 წლიდან და რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სამსახურს გულთბილი მასპინძლობის, საინტერესო საუბრისა, სამსახურის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების პირობა აღუთქვეს. ამერიკელმა სტუმრებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს კობა კობალაძის მიმართ იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ამერიკასა და საქართველოს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად გასწია და მას ჯორჯიის შტატის სამახსოვრო დაფა გადასცეს: ‘’ დაე, ამ პარტნიორობამ ხელი შეუწყოს ჩვენი ვეტერანებისადმი ზრუნვის, მათი ღვაწლის დაფასებისა და მხარდაჭერის გაძლიერებას, მათ მიერ გაწეული სამსახურისა და თავგანწირული მემკვიდეობის შენარჩუნებით,’’-ეს ამონარიდი გახლავთ სამახსოვრო დაფიდან.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია და სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.