,,ციხე რეციდივს აძლიერებს და დამოკიდებულს არჩევანის თავისუფლება არ აქვს“ - თამაზ ტუღუში

ტუღუში

სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი თამაზ ტუღუში, როგორც ყოფილი ნარკოდამოკიდებული, გადაცემა "დებატებში" აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა პრობლემას ვერ აგვარებს და პირიქით, რეციდივის რისკს ზრდის, რადგან პატიმრობიდან გამოსული ადამიანი ხშირად იზოლაციაში ექცევა, ეზღუდება უფლებები და კვლავ იმავე გარემოს უბრუნდება, რაც მოხმარების განახლებას განაპირობებს.

მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში მკაცრ პოლიტიკას შესაძლოა სტატისტიკური ეფექტი ჰქონდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დამოკიდებულება კვლავ იჩენს თავს.

"ვისაუბრებ როგორც ყოფილი დამოკიდებული და როგორც ყოფილი პატიმარი, რომელიც იყო პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკის გამო. ჩემი აზრით, ციხე აძლიერებს რეციდივს, უფრო მეტი საშიშროებაა იმის, რომ ადამიანი უკან მოუბრუნდება დამოკიდებულებას, რადგან ისედაც არრეალიზირებული ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ამ ადამიანს ბევრი უფლება ერთმევა. მე მახსოვს, რომ მუშაობა არ შემეძლო არსად, ჩამომერთვა მართვის მოწმობა და ა.შ. რა ხდება ამ დროს - ისევ უბრუნდები, შეიძლება არ მინდოდა უკან დაბრუნება, იმ გარემოში, სადაც ვიყავი, დავუბრუნდი ისევ იმ გარემოს და ნელ-ნელა ისევ დავიწყე მოხმარება. ამიტომ, ციხე და ასეთი ძალის გამოყენება ყოველთვის მიგვიყვანს ისევ ახლიდან რეციდივისკენ. შეიძლება მოკლე ვადაში სტატისტიკა აწიოს, ნაკლებად მოიხმაროს, მოკლე ვადაში ეფექტი აქვს, თუმცა გრძელ ვადაში ისევ დაუბრუნდება ადამიანი მოხმარებას.

ახლა, როგორც ფსიქოთერაპევტი იმას ვიტყვი, რომ ადამიანს, როდესაც იჭერენ - იჭერენ მისი არჩევანის გამო, მან აირჩია, რომ ეს გაეკეთებინა და ნარკოდამოკიდებულს არჩევანის საშუალება არ აქვს იმიტომ, რომ ის მოიხმარს ნარკოტიკს, მისი ცნობიერი არის დაბინდული, მას არ შეუძლია პრაგმატული ნაბიჯების გაკეთება და ამ ადამიანს განვსჯით იმიტომ, რომ ის არის დამოკიდებული, მას არ გააჩნია საღი აზრი. ფსიქოლოგიურად, ეს არ არის არჩევანი, მათ არ აქვთ არჩევანი, ასე უყურებს ჰუმანიტარული ფსიქოლოგია ნარკოდამოკიდებულს“, - აცხადებს თამაზ ტუღუში.