თორნიკე ჭეიშვილი: ბრიტანეთის ქმედებას ფართო პრიზმაში თუ განვიხილავთ, ეს არის აღმართული ხელი და პირდაპირი იერიში სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ ქართულ მედიაზე

თორნიკე ჭეიშვილი

ბრიტანეთის ქმედებას ფართო პრიზმაში თუ განვიხილავთ, ეს არის აღმართული ხელი და პირდაპირი იერიში სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ ქართულ მედიაზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

დეპუტატის თქმით, ფაქტობრივად კვირა არ გავა ისე, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება რაიმე ახალ სკანდალში არ გაეხვიოს.

„დიდ ბრიტანეთთან მიმართებით, ზოგადად, ის ღირებულებითი დეკადანსი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, თავისთავად კარგს არაფერს უნდა უქადდეს იმ ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ ქვეყნის მთავრობისა და ხელისუფლების მიერ მიიღება. მეორე მხრივ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ხოლმე ის საერთაშორისო სკანდალები, რომელიც იფეთქებს ხოლმე. ფაქტობრივად, კვირა არ გავა, რომ რაღაც ახალ სკანდალში არ გაეხვიოს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება. ზოგადად, ფაქტი ის არის, რომ არიან საკმაოდ სეროზულ კრიზისში - ეკონომიკური სტაგნაცია, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. და ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, რომ მათ მოიცალეს, რათა მორიგი თავდასხმა განეხორციელებინათ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ქართულ მედიაზე“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასმას შურსიმაძიებლური ფაქტი უწოდა, რადგან სწორედ ეს ტელევიზიები აშუქებდნენ საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა კულუარულ შეხვედრებს ბრიტანეთის საელჩოში, სადაც რადიკალები იყვნენ სასურველი სტუმრები.

მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ჯგუფებში გაჩნდა ჟივილ-ხივილი და ფაქტობრივად ზეიმობდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში გაჩნდა პერსპექტივა თავისუფალი, მართალი სიტყვის ჩახშობისა, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ეს აბსოლუტურად საღ აზრს მოკლებული ზეიმი იყო.

„უნდა გავიხსენოთ 2007 წლის მოვლენები, როდესაც „იმედზე" ფაქტობრივად ტერორისტული აქტი განხორციელდა. მაშინაც მავანს არ აწყობდა, რომ მაუწყებლობის მეშვეობით ხალხს გაეგო სწორი ინფორმაცია. ამ შემთხვევაშიც, ჩავთვალოთ, რომ შეიცვალა როლები, საბედნიეროდ კონკრეტული პირები აღარ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ ზოგი ისევ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში როგორმე შეეწინააღმდეგონ მედიას, დამოუკიდებელ ტელევიზიებს და მიაღწიონ იმ მიზანს, რასაც დამახინჯებული დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება ჰქვია და რასაც ისინი ვერ მოესწრებიან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.