თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და საქართველო თავის ვალდებულებებს ეფექტიანად ასრულებს - ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე

ლაშა ხუციშვილი

 თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და საქართველო თავის ვალდებულებებს ეფექტიანად ასრულებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ.

„თითოეულ შემთხვევაზე, რომლის გასაჯაროება ხდება მედიის და ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ, ხდება შესაბამისი რეაგირება. არ არსებობს შემთხვევა, რომელიც ყურადღების გარეშე შეიძლება დარჩეს და თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საბაჟო ორგანოს მხრიდან ასობით განცხადებაა გამოქვეყნებული. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ დღეს დასახელებულ კონკრეტული შემთხვევაც, ბუნებრივია, გადამოწმდა და ამ ტრანზაქციას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება საეჭვო ტრანზაქციები, თუმცა ყველაფრის დაკავშირება საქართველოსთან არ შეიძლება. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა იმ ტრანზაქციაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში ან საქართველოს გავლით. კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებზეც იყო საუბარი, საქართველოსთან შეხება არ აქვს და საქართველოდან არ ყოფილა გატანილი არცერთ სანქცირებულ ქვეყანაში. შესაბამისად, ვერანაირი ტიპის ბრალდებას ვერ მივიღებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ოპერაცია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქციებთან, არის ძალიან მკაცრ კონტროლზე“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ექსპორტირებული პროდუქცია იმ ქვეყნებში გადის, სადაც საქართველოდან იგზავნება, ხოლო შემდგომი გადაადგილება უკვე მიმღები ქვეყნების პასუხისმგებლობაა.

„თქვენ მიერ დასახელებული ავტომობილები ზუსტად იმ ქვეყნებში გადის, სადაც ხდება მისი საქართველოდან ექსპორტი. იმ ქვეყნებიდან ეს ავტომობილები სად მიდის, საქართველო ვერ იქნება პასუხისმგებელი მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე გლობალური მასშტაბით, მსოფლიოს ერთი ბოლოდან, მსოფლიოს მეორე ბოლოში. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და საქართველოს აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, რომელსაც ძალიან წარმატებით ართმევს თავს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.