თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან - ისინი აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და ეს მარტო ნავთობს არ შეეხება

თენგიზ შარმანაშვილი

როდესაც მათ ინტერესებს ეხება საქმე, არანაირი მორალი არ აწუხებთ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

„ისინი აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და ეს მარტო ნავთობს არ შეეხება. ახლა გამოქვეყნდა კვლევა, რომ ალუმინის ექსპორტიც ხდება რუსეთში, რომლისგანაც იარაღს ამზადებს რუსეთი. წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან, ან მათ შემოსავლებს უკრაინის ინტერესებს არ გადააყოლებენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

Euronews-ი წერს, რომ ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი კვლავაც იწვევს რყევებს ენერგობაზარზე.