მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის
1774455031
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივი სახსრებით შეძენა შესთავაზა. იგი დაზარალებულს შესაძენი ქონების რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა, გაზრდილი ფასის მითითებით ყალბ ცნობებს აწვდიდა, ხოლო სინამდვილეში ქონებას ბევრად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. დაზარალებულის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს კი მოტყუებით ეუფლებოდა. ასევე, ბრალდებულმა თითქოსდა, მოგებიანი იურიდიული პირის და მისი აქტივების შესაძენად დაზარალებულს ეტაპობრივად დიდი ოდენობით თანხები გამოართვა, თუმცა რეალურად შეთანხმებული კომპანია არ შეუძენია და დაზარალებულს ფორმალურად გაუფორმა წილი მსგავსი სახელწოდებით ახალდაფუძნებულ საწარმოში, რომელსაც ქონება და აქტივები არ გააჩნდა. აღნიშნული გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6,102,153 ლარს.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.