თენგიზ შარმანაშვილი: NATO-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ, ჩვენ ნატო-ს საიმედო პარტნიორები ვართ

თენგიზ შარმანაშვილი

ჩვენ ნატო-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ისინი ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებს იმას, რომ საქართველო თურქეთში, ნატო-ს სამიტზე მიწვეული არ არის.

„ჩვენ ნატო-ს საიმედო პარტნიორები ვართ. ძალიან ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი და ნატო-სთან არაფერი შეგვშლია. ავღანეთის ოპერაციაში ამ ხელისუფლების პირობებშიც სრულმასშტაბიანად ვმონაწილეობდით. არ მგონია, რომ სამიტზე არმიწვევით მხოლოდ საქართველოს დააკლდება. ნუ შევხედავთ ყველაფერს ისე, რომ ჩვენ ისეთი საცოდავი ქვეყანა ვართ, რომ ყველა ჩვენ გვჭირდება – ჩვენც ვჭირდებით ყველას. თავის თავსაც დააკლებენ, თუ ასეთ საიმედო პარტნიორებს კარგად არ მოექცევიან. ყოველთვის მზად ვართ, პარტნიორებთან პირნათელი ვიყოთ. სისხლიც კი დაგვიღვრია ამის გამო. თავის წევრებს გადახედონ, ავღანეთში როგორ იქცეოდნენ, შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვიათ და ფანჯარასთან ახლოს არ მიდიოდნენ, შემთხვევით ტყვია არ მოხვედროდათ. ავღანეთიდან ისე ჩამოვიდნენ, არც ერთ ჯარისკაცს ფეხის ნაკაწრი არ ჰქონია. ანუ, არც ერთ ოპერაციაში არ იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ კი ასობით დასახიჩრებული გვყავს. მსხვერპლი მარტო სიკვდილიანობით არ განისაზღვრება. მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს. ნატო თუ აღიარებს ჩვენს მეგობრობას, აღიარებს ბოლომდე. ჩვენ მზად ვართ. დავამტკიცეთ და მომავალშიც დავამტკიცებთ, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.